უნგრეთი უარყოფს, რომ იცოდა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეგმების შესახებ და კიევისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს
უნგრეთი უარყოფს, რომ იცოდა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეგმების შესახებ და კიევისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

უნგრეთი უარყოფს უკრაინელი მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უნგრეთმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის მზადების შესახებ იცოდა.

უკრაინაში მდებარე უნგრეთის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის უშიშროების სამსახურის მდივნის ალექსეი დანილოვის ამ განცხადების გამო, მის სიტყვებს ცრუ ცილისწამებად აფასებს და ოფიციალური კიევისგან განმარტებებს მოითხოვს.

„ეს მტკიცებულებები შეიცავს უნგრეთის მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, ასევე უკრაინულ საზოგადოებაში, რომელიც ომისგან იტანჯება, აღვივებს სიძულვილს უნგრელი ხალხისა და უნგრეთის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ბატონ დანილოვს, უკან გაიწვიოს მისი განცხადება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ერთი დღით ადრე უკრაინულ მედიაში გავრცელდა უკრაინის უშიშროების სამსახურის მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადება, სადაც დანილოვი აღნიშნავს: „უნგრეთი ღიად აცხადებს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის შესახებ. მეტიც, ის პუტინმა წინასწარ გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ იქნებოდა თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ყველამ ვნახეთ მისი პოზიცია“. მისივე თქმით, უნგრეთს ჰქონდა გეგმები უკრაინის ტერიტორიების ნაწილთან დაკავშირებით.