UNESCO-მ მსოფლიო მასშტაბით მოკლული ჟურნალისტების მონაცემთა ბაზა შექმნა
UNESCO-მ მსოფლიო მასშტაბით მოკლული ჟურნალისტების მონაცემთა ბაზა შექმნა. ამის შესახებ გაერო-ს სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე იუწყება.
როგორც ცნობილია, სპეციალური ობსერვატორიის საშუალებით საგამოძიებო ჟურნალისტებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს ნებისმიერი მოკლული ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. ამასთან, მათ გარკვეულ ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომა ექნებათ.
აღნიშნულ ბაზაში სააგენტოს მიერ 1993 წლის შემდეგ აღწერილი შემთხვევები იქნება შესული.
UNESCO-ს ჟურნალისტთა უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველ ოთხ დღეში ერთი ჟურნალისტი იღუპება.
სააგენტოს ბოლო სტატისტიკის მიხედვით, დამნაშავეების 89 პროცენტი დაუსჯელი რჩება. როგორც ცნობილია, 1993 წლის შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით 1 293 ჟურნალისტი მოკლეს. მათგან 80-ზე მეტი ჟურნალისტი 2018 წელს მოკლეს.