UNECE - საქართველო, წამყვანი სავაჭრო რეფორმატორი რეგიონში, გამარტივებული სავაჭრო პროცედურებით „კოვიდ-19“-ის უარყოფით გავლენას წარმატებით უმკლავდება
UNECE - საქართველო, წამყვანი სავაჭრო რეფორმატორი რეგიონში, გამარტივებული სავაჭრო პროცედურებით „კოვიდ-19“-ის უარყოფით გავლენას წარმატებით უმკლავდება

გაერო-ს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNEჩE) მიმდინარე წლის მაისი-ივლისში ჩაატარა კვლევა და მოამზადა ანგარიში სახელწოდებით„კოვიდ-19“-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად განხორციელებული ღონისძიებები.

ამასთან, უწყების ცნობით, კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის, ხოლო შეფასებამ აჩვენა, რომ მთავრობამ გადააჭარბა მოლოდინს მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ, მან მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო შეზღუდვები; სწრაფად გააფართოვა და ხელმისაწვდომი გახადა საწარმოებისთვის ვაჭრობის გამარტივებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი და შეიმუშავა დახმარების ზომები მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის,ასევე მძიმედ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის. მასში ხაზგასმულია ვაჭრობის წვლილის გაზრდის მნიშვნელობა „კოვიდ-19“ პანდემიის შემდეგ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობაში.

სამინისტროს ინფორმაციით, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ გატარებულ შემდეგ ზომებზე:

ვაჭრობაში გამჭვირვალობის ეფექტიანი უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი მარეგულირებელი და პროცედურული ზომების გამოქვეყნებით;
სავაჭრო დოკუმენტების ონლაინ გაცემა; შესაბამისმა უწყებებმა გაზარდეს ძალისხმევა ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის სხვადასხვა სახის საჭირო დოკუმენტების დაჩქარებულ რეჟიმში გასაცემად; სასაზღვრო კონტროლი ხორციელდებოდა ეფექტიანი, რისკზე დაფუძნებული ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემით; სასაზღვრო კონტროლის პუნქტების განტვირთვის მიზნით განხორციელდა ტვირთების ფიზიკური ინსპექტირების რეალოკაცია; საბაჟო და გადასახადების გადახდა გაგრძელდა ონლაინ რეჟიმში, რასაც დაემატა გადასახადის დაბრუნების გამარტივებული პროცედურა; ტრანზიტული მოძრაობა კვლავ ეფუძნებოდა რეგიონული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებს და მეზობელ ქვეყნებთან მონაცემთა ელექტრონულ მიმოცვლას.

უწყების ცნობით, კვლევაში ასევე დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ გატარებული ზომები „კოვიდ-19“-ის მიერ გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად, ამასთან აღნიშნულია, რომ გაცილებით მაღალი შეიძლება ყოფილიყო მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების შემოსავლების შემცირება რომ არა მთავრობის მასშტაბური დახმარების ზომები, რომელთა შორისაა: მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროს ინდუსტრიის თანადაფინანსების მექანიზმი და გადასახადის გადავადება ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული საწარმოებისათვის; ზრუნვა სოფელზე, სოფლის მეურნეობაზე, რეგიონალურ განვითარებაზე; დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება; სახელმწიფო სუბსიდია ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე; დღგ-სგან გათავისუფლებული სამედიცინო საქონლის იმპორტი; პანდემიით გამოწვეული უმუშევრების დახმარება (200 ₾ 6 თვის განმავლობაში); სოციალური პროგრამა (ინდივიდუალური მომხმარებლისთვის სესხის მომსახურების გადასახადების გადავადება; კომუნალური გადასახადები და პენსიის წინასწარი გადახდა); ბიზნესის საკრედიტო – საგარანტიო სქემა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კვლევა ეფუძნება 330 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს გამოკითხვას, მათ შორის გამოკითხულ იქნა 226 გადამამუშავებელი წარმოება, 104 ფერმერი, ასევე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ექსპედიტორები.

საკითხს გამოეხმაურა თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. ნათია თურნავას განცხადებით, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის კვლევა ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ კოვიდთან ბრძოლისას მიაღწია.

„გაერო-ს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კვლევა. გამოიკვლია საქართველოში კოვიდის პანდემიის პერიოდში ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე ზეგავლენა. ამისთვის გამოიკითხა 330-მდე საშუალო, მცირე და მიკრო ზომის საწარმო. ეს კვლევა ძალიან ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ კოვიდთან ბრძოლისას მიაღწია. ჩვენ მოვახერხეთ და გადავაჭარბეთ საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს, ვირუსის გავრცელებას ისე ვებრძოლეთ, არ შეგვიზღუდავს ვაჭრობა. პირიქით, მომარაგებათა ჯაჭვის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირება მაქსიმალურად შევინარჩუნეთ. როდესაც მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნები კეტავდნენ საზღვრებს და ვაჭრობა შეფერხებით მიდიოდა, ჩვენთან არც ერთი დღე არ ყოფილა მნიშვნელოვანი შეფერხება და ამაში ის რეფორმები გვეხმარება, რომლებიც ბოლო წლებში ვაჭრობის ლობერალიზაციის თვალსაზრისით გავატარეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNEჩE) გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეგიონული ორგანიზაციაა, მასში შედის 56 წევრი – სახელმწიფო.

„UNEჩE-ის მრავალმხრივი პლატფორმა ხელს უწყობს მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას და თანამშრომლობას მის წევრ ქვეყნებს შორის, ასევე მდგრად განვითარებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას დიალოგის, საუკეთესო პრაქტიკის, აგრეთვე ეკონომიკური და ტექნიკური ექსპერტიზის გაცვლით და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ტექნიკური დახმარებით“, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი