ულრიკ ჰააგერუპი - კონსტრუქციულმა ჟურნალისტიკამ საზოგადოებას უნდა მისცეს საშუალება, რომ სიმართლე სწორი მხრიდან დაინახოს
ულრიკ ჰააგერუპი - კონსტრუქციულმა ჟურნალისტიკამ საზოგადოებას უნდა მისცეს საშუალება, რომ სიმართლე სწორი მხრიდან დაინახოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საკითხზე ტრენინგი გაიმართა, რომელსაც კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, კონსტრუქციული ახალი ამბების გამოცემის ავტორი ულრიკ ჰააგერუპი უძღვებოდა.

​ულრიკ ჰააგერუპი აცხადებს, რომ ტრენინგზე დაისვა საინტერესო შეკითხვები.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისგან დავინახე ის ინტერესი, რომელიც მნიშვნელოვანია კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაში. ჩვენ ვცხოვრობთ მყიფე დემოკრატიის პირობებში და ახალი ამბების კონსტრუქციული გაშუქება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ახალი ამბების კულტურის შექმნა არის საჭირო, განსაკუთრებით იქ, სადაც საზოგადოების პოლარიზების ტენდენცია გვაქვს. ჩვენ ვაძლევთ აზრის გამოთქმის საშუალებას ისეთ ხალხს, რომლებსაც მოსმენაზე მეტად საუბარი უყვართ. მოსახლეობას კი, მობეზრდა და დაიღალა პოლიტიკოსების განცხადებებით და მათი გამოსვლებით. პოლარიზებულ გარემოში საუბრის ერთადერთი სწორი გზა კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა. ამ ტიპის ჟურნალისტიკა საკუთარი როლით დაეხმარება საზოგადოებაში კონსტრუქციულობის ჩამოყალიბებას. ეს ნიშნავს, რომ კარგის და ცუდის შეჯერებით ადამიანებს ვანახოთ დეტალები. ჟურნალისტმა საზოგადოების პრობლემები უნდა გააშუქოს, თუმცა ჩვენში არის ტენდენცია, რომ უკვე არსებული პრობლემების გაშუქების ნაცვლად ვცდილობთ, გამოვნახოთ ახალი პრობლემები. შესაბამისად, ამასთან საბრძოლველად საჭიროა უფრო მეტი ინდივიდუალური ამბების გაშუქება. ჟურნალისტი არ უნდა იყოს აგრესიული, უნდა იყოს საკითხით დაინტერესებული და კრიტიკული. ნიუსრუმმა საზოგადოებას უნდა მისცეს ის ბერკეტი, რომ მათ სიმართლე სწორი მხრიდან დაინახონ.

ჟურნალისტი უნდა იყოს კონსტრუქციული და იცოდეს, თუ რას და რატომ აკეთებს; გაიაზროს, რომ საზოგადოებრივ მედიაში მუშაობა ყველა მხრიდან კრიტიკას ნიშნავს. შენ მათთვის შეიძლება იყო ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი, მეტად კრიტიკული ან ნაკლებად კრიტიკული.

ჟურნალისტის საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე, იცოდეს საკუთარი მიზანი, რატომ არის აქ. ჟურნალისტმა უნდა გაიაზროს, რომ მთავრობისთვის ან ოპოზიციისთვის არ მუშაობს, ემსახურება ქართველ ხალხს. ეკუთვნის საზოგადოებას.

ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საჯარო საქმეს ემსახურებით და თქვენი გასავლელი გზა სულ სწორი არასდროს იქნება, არამედ იქნება აღმავალი და დაღმავალი. იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის სამსახურში თქვენი ყოფნის მიზანი. ამას თუ ვერ გაიგებთ, სხვებისთვის კიდევ უფრო მეტად გაუგებარი იქნება. რაც უფრო მეტად გამჭვირვალე, ცნობისმოყვარე და ინტერესიანი იქნებით და რაც უფრო მეტს გაუზიარებთ ერთმანეთს, მით უფრო სასიამოვნო იქნება სამუშაო პროცესი“, – აღნიშნა ​ულრიკ ჰააგერუპმა.

ონლაინ სემინარის შემდეგ, სექტემბერში საზოგადოებრივ მაუწყებელში ულრიკ ჰააგერუპი ორდღიან ვორქშოპს გამართავს. პროექტის ფარგლებში კი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები გადამზადების კურსს დანიაში, ორჰუსის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად გაივლიან.