უკუთვლის საათები ჩაირთო - ევრო 2023-ის დაწყებამდე 100 დღე დარჩა #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ასი დღით ადრე, 13 მარტიდან ჩემპიონატის მასპინძელ საქართველოს ქალაქებში უკუთვლის საათები ჩაირთო.
21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები სამ ქალაქში განთავსდა. თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში – ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ და ბათუმში — ცენტრალური ბულვარის შესასვლელში. 13 მარტს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო საზეიმო ღონისძიება გაუქმდა ბათუმში. თუმცა თბილისისა და ქუთაისის მსგავსად, უკუთვლის საათი ტურნირის ფინალის მასპინძელ ქალაქშიც ჩაირთო.
თბილისში უკუთვლის საათი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ჩართო. ქუთაისის საათის ჩართვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ქალაქის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელჩმა, ალექსანდრე იაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე, ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები. უკუთვლის საათების ჩართვასთან ერთად, 13 მარტიდან დაიწყო ბილეთების გაყიდვა. გულშემატკივრებს ჩემპიონატზე დასასწრები აბონემენტების შეძენა TKT.GE-ზე სპეციალური ლინკის საშუალებით შეუძლიათ.
21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.