უკრაინული მედიის ცნობით, პრორუსულმა ძალებმა სტანიცა ლუგანსკას მიმართულებით კვლავ გახსნეს ცეცხლი
ლუგანსკის ოლქის დასახლება სტანიცა ლუგანსკას მიმართულებით პრორუსულმა ძალებმა კვლავ ცეცხლი გახსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინული მხარის ცნობით, 17 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 50 შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს დილით უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს სტანიცა ლუგანსკა, რა დროსაც საარტილერიო ჭურვები საბავშვო ბაღს მოხვდა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ორი აღმზრდელი.