უკრაინული მედია – ევროკავშირის ელჩები 22 ივლისს კიდევ ერთხელ შეეცდებიან, დაარწმუნონ უნგრეთი, დათანხმდეს უკრაინისა და მოლდოვისთვის მეორე და მესამე კლასტერების გახსნას

16:28, 21.07.2026

ევროკავშირის ელჩები 22 ივლისს კიდევ ერთხელ შეეცდებიან, დაარწმუნონ უნგრეთი, დათანხმდეს უკრაინისა და მოლდოვისთვის კლასტერების გახსნას, რომელსაც ბუდაპეშტი პოლიტიკური მიზეზების გამო ბლოკავს.

ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედიის ცნობით, ევროკავშირის სამუშაო ჯგუფი ბრიუსელში შეიკრიბება და მოუწოდებს უნგრეთს, მწვანე შუქი აუნთოს მეორე და მესამე კლასტერების გასახსნელად ფორმალური პროცედურების დაწყებას, რაც ბუდაპეშტისგან ორივე ქვეყნის მთავრობისთვის ოფიციალური წერილის გაგზავნას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 17 ივლისს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, უნგრეთი დათანხმდა მოლდოვისთვის მხოლოდ მესამე კლასტერის გახსნას, თუმცა ბრიუსელში ამ ნაბიჯს მხარდაჭერა არ მოჰყოლია. მათ სურთ, ორივე კლასტერის გახსნაზე შეთანხმებას საზაფხულო შესვენების დაწყებამდე მიაღწიონ.

უნგრეთი უარს სხვადასხვა მიზეზით განმარტავს, მათ შორის აცხადებს, რომ, შეთანხმების მიუხედავად, უკრაინამ სრულად არ აღადგინა იმიერკარპატების მხარეში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების ენობრივი და საგანმანათლებლო უფლებები.

ბუდაპეშტში ასევე მიაჩნიათ, რომ ომში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაცია უსაფრთხოების და ეკონომიკურ რისკებს შეიცავს ევროკავშირისთვის და რომ უკრაინამ ჯერ კიდევ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები კანონის უზენაესობის, რეფორმებისა და სხვა სფეროების მიმართულებით. ამიტომ უნგრეთი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების სწრაფად გახსნა ნაადრევია.

ცნობისთვის, მეორე კლასტერი ეხება ევროკავშირის შიდა ბაზარს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა პროდუქციის, მუშახელის თავისუფალი გადაადგილება, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, მომსახურების მიწოდებისა და დაფუძნების თავისუფლება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, კონკურენციის პოლიტიკა, მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა და სხვ.

რაც შეეხება მესამე კლასტერს, აღნიშნული მოიცავს კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სფეროს, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიას, გადასახადების პოლიტიკას, ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკასა და დასაქმებას, საწარმოთა და ინდუსტრიულ პოლიტიკას, მეცნიერებასა და კვლევას, განათლებასა და კულტურას, საბაჟო კავშირს.

კანდიდატმა ქვეყნებმა გაწევრიანების პროცესში თავიანთი კანონმდებლობები ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ.

მსგავსი