უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - რუსეთის მხრიდან ამჟამად ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია არ შეინიშნება, თუმცა ადგილი აქვს პროვოკაციებს, რომლებითაც სურთ, უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულონ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია არ შეინიშნება, თუმცა ადგილი აქვს პროვოკაციებს, რომლებითაც სურთ, უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულონ. ამის შესახებ დანილოვმა ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„თუ საუბარია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციაზე, ჩვენ ასეთს ვერ ვხედავთ. რას ვხედავთ ახლა? ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს, რომლებსაც ისინი მუდამ ახორციელებენ. თუმცა, დღეს ადგილი ჰქონდა თავხედურ, მასიურ პროვოკაციას. რა არის მიზანი? მიზანია, რომ ჩვენ სამხედრო გზით ძლიერი პასუხის გაცემა დავიწყოთ, რათა დაგვადანაშაულონ იმაში, რასთანაც ჩვენი დაკავშირება სურთ“, – განაცხადა დანილოვმა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს, უკრაინის ხელისუფლება უნდა იყოს თავშეკავებული.
„არავითარ შემთხვევში არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას“, – აღნიშნა დანილოვმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის არმია ნებისმიერი სცენარისთვის არის მზად.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის ცნობთ, 17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 50-ჯერ დაარღვიეს, დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საბავშვო ბაღი დასახლება სტანიცა ლუგანსკაში.