უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ყირიმში, საკის რაიონში აფეთქების ფაქტი რუსეთმა შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს
უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ყირიმში, საკის რაიონში აფეთქების ფაქტი რუსეთმა შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ყირიმში, საკის რაიონში მომხდარ აფეთქებაზე კომენტარი გააკეთეს. აფეთქებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი გამოეხმაურა.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადგენს ხანძრის მიზეზს, მაგრამ კიდევ ერთხელ ახსენებს სახანძრო უსაფრთხოების წესებს და დაუდგენელ ადგილებში მოწევის აკრძალვას“, – წერს მალიარი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მომხდარი რუსეთმა შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე დამახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ“, – განაცხადა მალიარმა.

ანა მალიარმა უკრაინელებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მიენდონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

ყირიმში, საკის რაიონში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აფეთქება ნოვოფედოროვკას აეროდრომთან განთავსებულ საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია, თუმცა აფეთქებები საბრძოლო ცეცხლის ზემოქმედების შედეგად არ მომხდარა და აფეთქების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.