უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე არიან გადასულები და გუსაროვკას დასახლების გათავისუფლება შეძლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე არიან გადასულები და გუსაროვკას დასახლების გათავისუფლება შეძლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში იუწყებიან, რომ უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე არიან გადასულები და შეძლეს დასახლება გუსაროვკას გათავისუფლება ოკუპანტებისგან.

მათივე ცნობით, ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ხარკოვი სულ მცირე 15-ჯერ დაბომბეს. რთული რჩება ვითარება მარიუპოლშიც, სადაც ქალაქის რამდენიმე ნაწილში რუსი ოკუპანტები იმყოფებიან, თუმცა ქალაქის სრულად კონტროლს ისინი ვერ ახერხებენ. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისში ავრცელებენ. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ რუსმა ოკუპანტებმა როვნოს ოლქის ქალაქ დუბნოში მდებარე ნავთობტერმინალი გაანადგურეს. მსხვერპლი არ არის.

ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს ცნობას, რომ დღესვე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მეთრეთმეტედ გაანადგურეს რუსული ძალები ხერსონის ოლქში მდებარე ჩერნობაევკას აეროპორტთან. რთული მდგომარეობაა ჩერნიგოვოს ოლქში. რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის გამო მოსახლოებას არ მიეწოდება დენი და წყალი, გათიშულია გათბობაც.

საერთო ჯამში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ვერ შეძლებს წინ წაწევა და განაგრძობენ ძალების განახლებას და გადაჯგუფებას, რათა შეტევა განაახლონ.

დღესვე, უკრაინის გენშტაბში გაავრცელეს ახალი ინფორმაცია დანაკარგების შესახებ. მათი ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში დაიღუპა 16 600 რუსი სამხედრო მოსამსახურე. განადგურებულია 582 ტანკი და 1 664 ჯავშანმანქანა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სამხედროები აგრძელებენ დასახული ამოცანების შესრულებას. მოსკოვში დაადასტურეს ლვოვზე მიტანილი იერიში. მათივე ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა შეძლეს 18 უკრაინული უპილოტო აპარატის ჩამოგდება. ამ მონაცემების გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია.

პარალელურად, დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში კი არ გამორიცხავენ, რომ პუტინი ტაქტიკას ცვლის და ე.წ. კორეული მოდელის განხორციელებისთვის ემზადება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი შეეცდება ერთ კვაზი-სახელმწიფოში გააერთიანოს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების და დაშორიშორების ხაზი გაავლო ისე, როგორც ეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შემთხვევაშია.