უკრაინის სამხედრო დაზვერვაში ადასტურებენ, რომ ყირიმზე თავდასხმისას რუსეთის საზღვაო ობიექტებს დაარტყეს
უკრაინის სამხედრო დაზვერვაში ადასტურებენ, რომ ყირიმზე თავდასხმისას რუსეთის საზღვაო ობიექტებს დაარტყეს

უკრაინაში აცხადებენ, რომ ყირიმზე თავდასხმისას რუსეთის საზღვაო ობიექტებს დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა „როიტერს“ განუცხადა.

მისი თქმით, ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში დაარტყეს რუსეთის საზღვაო ობიექტებსა და პორტის ინფრასტრუქტურას, რითაც ხაზი გაუსვეს კიევის მზარდ სარაკეტო შესაძლებლობებს.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ დიდი სადესანტო ხომალდი და წყალქვეშა ნავი თავდასხმის ქვეშ მოხვდა. ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ დარტყმის დროს გამოყენებული საშუალებების შესახებ“, – განუცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა „როიტერს“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა ოთხშაბათს გამთენიისას თავს დაესხა შავი ზღვის გემთმშენებელ ქარხანას ათი საკრუიზო რაკეტითა და სამი ჩქაროსნული გემით, რის შედეგადაც დაზიანდა ორი გემი.

„ეს ნამდვილად არის ყველაზე დიდი თავდასხმა სევასტოპოლზე ომის დაწყების შემდეგ“, – განუცხადა უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფილმა კაპიტანმა, ანდრეი რიჟენკომ „როიტერს“.

როგორც მედია წერს, უცნობია, თუ რა ტიპის რაკეტა გამოიყენა კიევმა თავდასხმისას, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა უჩვეულო ნაბიჯი გადადგეს და საჯაროდ აიღეს პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.

დღეს დილით სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლებაზე დაყრდნობით მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანექსირებულ სევასტოპოლში, სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.