უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის ევროპული მომავლის თაობაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის განცხადებებით იმედგაცრუებულნი არიან
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის ევროპული მომავლის თაობაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის განცხადებებით იმედგაცრუებულნი არიან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედგაცრუება გამოხატა ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ალექსანდრ შალენბერგის პოზიციის გამო, რომელიც მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა იქნას შეთავაზებული.

ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე, ოლეგ ნიკოლენკოზე დაყრდნობით იუწყება.

„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის განცხადებებით უკრაინის ევროპული მომავლის თაობაზე, ამას ჩვენ მივიჩნევთ სტრატეგიულად არა შორსმხედველურად და ეს არ აკმაყოფილებს ერთიანი ევროპის ინტერესებს“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები უგულებელჰყოფს იმ ფაქტსაც, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის წევრობას უჭერს მხარს.

„როგორც ჩანს, ამჟამინდელი ომი, მსხვერპლი და ნგრევა მათთვის საკმარისი არ არის. სხვადასხვა საბაბით გააგრძელონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გადადება, ან მისი ალტერნატივის ძიება, ეს ნიშნავს პუტინის აგრესიული გეგმების გათვალისწინებას და უკრაინის შესაძლებლობების ჩართვით ევროკავშირის გაძლიერების შენელებას. უკრაინას ყველა საფუძველი აქვს, მოითხოვოს ევროკავშირისთვის მისი დამსახურებისა და სტრატეგიული როლის ობიექტური აღიარება. უკრაინის პრეზიდენტის და უკრაინელი ხალხის უძლეველი ნებისა და გამბედაობის წყალობით, დღეს ევროპას შეუძლია, იცხოვროს მშვიდად. გადაჭარბების გარეშე, ჩვენი სახელმწიფო გახდა ევროკავშირის უსაფრთხოების, ევროპული თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების დაცვის ფორპოსტი“, – დაამატა ნიკოლენკომ.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა იყოს შეთავაზებული.