უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანიაში დაკავებული გიორგი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და მის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანიაში დაკავებული გიორგი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და მის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ

გერმანიაში დაკავებული გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ. უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, კალანდაძეს უკრაინის მოქალაქეობა აქვს.

„უკრაინის საელჩო გერმანიაში ინფორმირებულია 19 დეკემბერს ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტში უკრაინის მოქალაქის გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

მისი თქმით, უკრაინელი კონსულები უკვე მუშაობენ გერმანელ სამართალდამცველებთან დაკავების მიზეზის დასადგენად და უკრაინის მოქალაქისთვის საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად.

უკრაინული მედიის ცნობით, კალანდაძეს უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განკარგულებით მიენიჭა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გიორგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას ედავება. გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ გიორგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე გერმანულ მხარეს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.