უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საქართველო მზად არის, უკრაინას დაუბრუნოს 10 ბავშვი, რომელთა მშობლები ადამიანებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილი
საქართველო მზად არის, უკრაინას დაუბრუნოს 10 ბავშვი, რომელთა მშობლებიც ადამიანებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბავშვების უფლებების საკითხებში ვლადიმირ ზელენსკის წარმომადგენელი საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
„ახლა წყდება ბავშვების უკრაინაში დაბრუნების საკითხი. კერძოდ, გაგრძელდება საჭირო დოკუმენტების გაფორმების პროცესი. უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება პროკურატურასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ბავშვები სამშობლოში ჩაიყვანონ“, – აღნიშნულია ზელენსკის პრესსამსახურის განცხადებაში.
ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას, სადაც მისი მეუღლე იმყოფება. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.
იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ სასამართლოსგან დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა გუშინ მოითხოვა. ზურაბ თოდუამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
ადვოკატმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ მისი მოთხოვნა ექსპერტიზის დასკვნას ემყარება. ადვოკატს ხელთ აქვს სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის.