უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ოფისის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა ევროპის საბჭოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე. მისი თქმით, ორგანიზაციიდან აგრესორი ქვეყნის გარიცხვამ დაადასტურა ევროპული სახელმწიფოების ერთიანობა ტირანიისა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ევროპის საბჭო გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც თავისი შემადგენლობიდან რუსეთი გარიცხა მისი ქმედებების გამო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩთან განიხილა ევროპის საბჭოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის კონკრეტული გზები. კერძოდ, მხარეებმა ისაუბრეს იურისტთა ჯგუფის შექმნის ინიციატივაზე, რომელიც დაეხმარება უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მუშაობას, ასევე განიხილეს ახალი ონლაინპლატფორმა Cities4Cities უკრაინის რეგიონების მხარდასაჭერად.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხებს.
„უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ ადამიანის უფლებების ყველა უხეში დარღვევა უნდა ფიქსირდებოდეს და შემდგომ ისჯებოდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე მოუწოდა ევროპის საბჭოს, ყველა შესაძლო ძალისხმევა გამოიყენოს, რათა რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების უკანონო დეპორტაცია შეჩერდეს.