უკრაინის პრემიერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინული არმია აგრესორის მოსაგერიებლად მზად არის
უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის გამწვავების ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინელებს მიმართა.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში შმიგალმა უკრაინის მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული არმია აგრესორის მოსაგერიებლად მზადაა.
შმიგალის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები რვა წელია, იცავენ საზღვრებს, დიპლომატები აწარმოებენ რთულ მოლაპარაკებებს და უკრაინელები იმის გაგებით ცხოვრობენ, რომ არსებობს საშიში და მზაკვრული მეზობელი, რომელიც მათ დაშინებას, გატეხვასა და განადგურებას ცდილობს, მაგრამ 2014 წლისგან განსხვავებით, დღესდღეობით უკრაინული არმია მზადაა.
„გუშინ ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად საკონტაქტო ხაზზე ვიყავით. რა გავიგეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების სარდლობისგან? ის, რომ დღეს ჯარი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო აღჭურვილობით – საწვავიდან იარაღამდე; ის, რომ შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდებიან მოვლენებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ჯარი მზადაა ნებისმიერ დროს მტრის მოსაგერიებლად“, – განაცხადა შმიგალმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ წინააღმდეგ წარმოებული ომი, მხოლოდ ჯარისკაცებს და იარაღს არ გულისხმობს, არამედ მას მრავალი განზომილება აქვს.
„ევროპაში ბუნებრივი აირის კრიზისი, უკრაინული გრივნის კურსის დესტაბილიზაცია, კიბერშეტევები სამთავრობო რესურსებზე და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, შეკვეთილი მიტინგები – ყველაფერი ეს ჰიბრიდული ომის ელემენტებია. მათგან ყველაზე საშინელი კი, პანიკის გამომწვევი დეზინფორმაციაა“, – აღნიშნა შმიგალმა.