უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ რუსეთის უახლესი წყალქვეშა ნავის შიდა დოკუმენტაცია მოიპოვეს
უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ რუსეთის უახლესი წყალქვეშა ნავის შიდა დოკუმენტაცია მოიპოვეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა რუსეთის უახლესი წყალქვეშა ნავის, სტრატეგიული დანიშნულების ატომური К-555 „კნიაზ პოჟარსკის“ შიდა დოკუმენტაცია მოიპოვეს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“  უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით წერს.

უწყების მონაცემებით, მათ განკარგულებაშია: წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის შემადგენლობის სიები, მათ შორის თანამდებობების, კვალიფიკაციისა და ფიზიკური მომზადების დონის შესახებ ინფორმაცია, ასევე საბრძოლო ინსტრუქციები ეკიპაჟისთვის, ნავის საბრძოლო სქემა, გადარჩენის სისტემის უზრუნველყოფისა და ეკიპაჟის საორგანიზაციო სტრუქტურის სქემები; ასევე მნიშვნელოვანი მასალა საგანგებო შემთხვევაში მოქმედების წესებზე და რადიოსიგნალის შესწავლის ანგარიში.

როგორც ცნობილია, სადაზვერვო სამსახურმა ასეევე მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს წყალქვეშა ნავის საბრძოლო და ყოველდღიურ მუშაობას.

პროექტ 955А „ბორეი-А“-ს წყალქვეშა ნავები კრემლის ე.წ. ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. წყალქვეშა ნავებს ასევე აქვთ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, P-30-ის „ბულავა-30“-ის 16 გამშვები მოწყობილობა, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ათამდე საბრძოლო ქობინის ტარება.

სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ნავი „კნიაზ პოჟარსკი“ რუსეთის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტის 31-ე წყალქვეშა დივიზიას 2025 წლის 24 ივლისს შეუერთდა. მუდმივი ბაზა კი მურმანსკის ოლქია.