უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა საქართველოს უკრაინის საელჩოში შეეძლებათ
უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა საქართველოს უკრაინის საელჩოში შეეძლებათ

უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა საქართველოს უკრაინის საელჩოში შეეძლებათ, – ამის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ნაზარენკომ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში რეგისტრირებული უკრაინელი ამომრჩევლის რაოდენობა 8 460-ს შეადგენს.

„ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოში რეგისტრირებული უკრაინელი ამომრჩევლის რაოდენობა 8 460-ს შეადგენს. ამ დროისთვის ხმა 63-მა ამომრჩეველმა მისცა“, – განაცხადა ვლადიმერ ნაზარენკომ.

დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. ამ თანამდებობაზე კენჭს სულ 39 კანდიდატი იყრის. მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.

ქვეყნის მასშტაბით სულ გახსნილია 29 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცედურა უკრაინის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათზე ყველა უბანი უკვე დახურული იქნება (თბილისი დროით 21:00). სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.

უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც გააშუქებენ.