უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა. შესაბამისი საჩივარი უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ჯერ კიდევ მაისში ხელმოწერილი კანონის საფუძველზე შეიტანა სასამართლოში.
კანონის მიხედვით, დაშვებულია იმ პირთა კონფისკაცია, რომლებმაც „არსებითი საფრთხე შეუქმნეს უკრაინის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა თუ ტერიტორიულ მთლიანიბას“.
რუსი მილიარდერის აქტივების კონფისკაციის მიზეზად ის დასახელდა, რომ ევტუშენკოვის კუთვნილი კომპანიები რუსეთის ტერიტორიაზე დრონებსა და რადიოლოკაციურ სადგურებს აწარმოებს.
უკრაინული მედია წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მოქალაქეს უკრაინაში აქტივები ჩამოართვეს.
სასამართლოს ინფორმაციაში ევტუშენკოვის გვარი არაა ნახსენები, თუმცა მას უკრაინული მედია ასახელებს.
კონფისკაციას დაექვემდებარა უძრავი ქონების 17 ობიექტი და წილები ხუთ უკრაინულ კომპანიაში.
73 წლის ვლადიმირ ევტუშენკოვი კომპანია „სისტემას“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელია. ის ამ კომპანიის დამფუძნებელია, თუმცა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც დიდმა ბრიტანეთმა სასანქციო სიაში შეიყვანა.