უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცლებენ - აუცილებელია მკაფიო ნაბიჯები კანონის დონეზე, რომლებიც გაუქმებულ გარანტიებს დააბრუნებს
უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცლებენ - აუცილებელია მკაფიო ნაბიჯები კანონის დონეზე, რომლებიც გაუქმებულ გარანტიებს დააბრუნებს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტის მიერ ჩამორთმეული გარანტიების დაბრუნებას ითხოვენ.

ანტიკორუფციული ორგანოების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არსებითად ზღუდავს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას, რის შესახებაც ორივე ინსტიტუტის ხელმძღვანელებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნეს.

„ამიერიდან უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და სპეციალიზირებული ანტიკორუფციულ პროკურატურას ჩამორთმეული აქვთ გარანტიები, რომლებიც მათ აქამდე საშუალებას აძლევდა, ეფექტიანად განეხორციელებინათ თავიანთი ამოცანები და ფუნქციები მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. სრულფასოვანი და დამოუკიდებელი მუშაობის აღსადგენად აუცილებელია მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯები კანონის დონეზე, რომლებიც პარლამენტის მიერ გაუქმებულ გარანტიებს დააბრუნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა ხაზს უსვამენ უკრაინის ხალხის ინტერესებისადმი თავიანთ ერთგულებას და აღნიშნავენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორივე ინსტიტუტის პროფესიონალური შესაძლებლობის და მათი საქმიანობის განმავლობაში მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად.

„კანონის უზენაესობა და კანონის დაცვა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურისთვის უცვლელ ღირებულებებად რჩება. ველოდებით ანალოგიურ მიდგომას სამართალწესრიგის სხვა ორგანოებისგანაც. გულწრფელად ვუხდით მადლობას უკრაინის მოქალაქეებს პრინციპული პოზიციისთვის, აქტიური მხარდაჭერისა და გულისხმიერებისთვის. სწორედ აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის დახმარებით გახდა შესაძლებელი ანტიკორუფციული რეფორმა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, გააგრძელონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა.

„უკრაინის თავდაცვის ძალების სიძლიერე და მდგრადობა, უკრაინული საზოგადოების ერთიანობა და სისტემური საერთაშორისო მხარდაჭერა აგრესორის დამარცხებისა და ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავლის ჩამოყალიბების ძირითადი ფაქტორებია“, – ნათქვამია ანტიკორუფციული ორგანოების განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც ზელენსკი „ფეისბუქში“ წერს, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ყველა კონსტრუქციულად იმუშავებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

კერძოდ, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.