ვოლოდიმირ ზელენსკი სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა - შევთანხმდით, რომ ყველა იმუშავებს მხოლოდ კონსტრუქციულად
ვოლოდიმირ ზელენსკი სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა - შევთანხმდით, რომ ყველა იმუშავებს მხოლოდ კონსტრუქციულად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც ზელენსკი „ფეისბუქში“ წერს, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ყველა კონსტრუქციულად იმუშავებს.

„ჩვენ ყველას საერთო მტერი გვყავს – რუსი ოკუპანტები და უკრაინის სახელმწიფოს დაცვა ითვალისწინებს სამართალდამცავი და ანტიკორუფციული სისტემების საკმარის ძალას, რაც ნიშნავს სამართლიანობის რეალურ გრძნობას. სისხლის სამართლის საქმეები არ უნდა გრძელდებოდეს წლების განმავლობაში, კანონიერი განაჩენების გარეშე, უკრაინის წინააღმდეგ მომუშავეებმა კი არ უნდა იგრძნონ თავი კომფორტულად და უნდა იგრძნონ, რა არის სასჯელის შეუქცევადობა. მადლობელი ვარ დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილის: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურორის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმუშავებს მხოლოდ კონსტრუქციულად“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირაში გამართავენ შეხვედრას მოქმედებების საერთო გეგმასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ყველას გვესმის, რას ამბობს საზოგადოება. ვხედავთ, რას ელოდება ხალხი სახელმწიფო ინსტიტუტებისგან სამართლიანობისა და თითოეული ინსტიტუტის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. განვიხილეთ აუცილებელი ადმინისტრაციული, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც თითოეული ინსტიტუტის მუშაობის გაძლიერებას, არსებული წინააღმდეგობების მოგვარებას, საფრთხეების მოხსნას შეუწყობს ხელს. ყველა იმუშავებს ერთად, პოლიტიკურ დონეზე მხარს დავუჭერთ. შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას იქნება სიღრმისეული შეხვედრა მოქმედებების საერთო გეგმასთან დაკავშირებით. ორ კვირაში კი მზად უნდა იყოს საერთო გეგმა – რა ნაბიჯები უნდა განხორციელდეს და განხორციელდება უკრაინის გასაძლიერებლად და არსებული კითხვების მოსახსნელად, მეტი სამართლიანობისთვის და უკრაინული საზოგადოების ინტერესების რეალური დაცვისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

კერძოდ, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.