უკრაინელი ფეხბურთელი – საქართველოს ნაკრები უნგრეთზე ძლიერია, უკრაინას რთული თამაში ელის #1TVSPORT
ლვოვის „კარპატის“ ლეგენდა, მიხაილ კოპოლოვეცი ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან უკრაინას რთულ შეხვედრას უწინასწარმეტყველებს.
„საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხით დაიწყო. ამის მიუხედავად, საქართველო კარგი და ტექნიკური გუნდია. მათ ჰყავთ შესანიშნავი მოთამაშეები. ამ მატჩის ყურება უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე უნგრეთთან დაპირისპირება იყო, რადგან საქართველო ძლიერი მეტოქეა.
ამას გარდა, არის, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც – მგზავრობა გუნდზე ყოველთვის გავლენას ახდენს. როდესაც ევროტურნირებზე ვთამაშობთ, ყველა მწვრთნელი უჩივის ფრენის შემდგომ შექმნილ პრობლემებს, რადგან ფეხბურთელები ძალების სრულფასოვნად აღდგენას ვერ ახერხებენ“, – განმარტა კოპოლოვეცმა.
ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი თბილისში 28 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.