უკრაინელი დეპუტატი ეგორ ჩერნოვი - რუსეთის ჯარს ორი კვირა ეყოფა უკრაინაზე მასშტაბური შეტევისთვის სამზადისის დასასრულებლად
უკრაინელი დეპუტატი ეგორ ჩერნოვი - რუსეთის ჯარს ორი კვირა ეყოფა უკრაინაზე მასშტაბური შეტევისთვის სამზადისის დასასრულებლად

რუსეთის ჯარს ორი კვირა ეყოფა უკრაინაზე მასშტაბური შეტევისთვის სამზადისის დასასრულებლად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა, მმართველი პარტია „სლუგა ნაროდას“ წევრმა, ეგორ ჩერნოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის დაზვერვა ჯერ თავდასხმის დაწყებას გამორიცხავს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ნაბიჯების პროგნოზირება შეუძლებელია.

„პუტინის ქმედებები არაპროგნოზირებადია. რაციონალურად თუ შევხედავთ, ის შედეგი, რომელიც დადგება რუსეთის ეკონომიკისთვის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, არ უნდა იყოს სარგებლის მომტანი და რუსეთს აგრესიის ქმედებების გაგრძელების სურვილი არ უნდა უჩნდებოდეს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი რაციონალური არ არის; ვხედავთ მის იდეებს ერთიანი სივრცის შესხებ ვლადივასტოკიდან ლისაბონამდე, ღერძი პეკინი-მოსკოვი-ბერლინი და ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო, ნამდვილად არ არის ფარატინა სიტყვები. რუსეთი ამაზე ნამდვილად ფიქრობს. საბჭოთა კავშირის აღდგენა კი უკრაინის გარეშე არ წარმოუდგენია. ამიტომ საფრთხეები რჩება, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. რუსეთმა შეიძლება, მიიტანოს წერტილოვანი დარტყმები. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ფართომასშტაბიანი თავდასხმის საფრთხე არ არსებობს. ჯერ რუსეთის ჯარი ამისთვის ბოლომდე მზად არ გახლავთ. ცხადია, საზღვრებთან რუსი სამხედროები რაოდენობა დიდია. თუმცა, ზოგიერთი ინდიკატორით, ჯერ ისინი შეტევისთვის მზად არ არიან. თუმცა, მათ მოსამზადებლად სულ ორი კვირა დასჭირდებათ“, – განაცხადა ჩერნოვმა.

უკრაინელმა დეპუტატმა ასევე ისაუბრა უკრაინელი სამართალდამცველების მიერ დესტაბილიზაციის პროვოცირებაში ბრალდებულების დაკავების შესახებ. როგორც ჩერნოვი ამბობს, უკრაინაში ვითარების შერყევას რუსეთი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს.

„რუსეთის ცდილობს უკრაინაში ჰიბრიდული მეთოდებით იმოქმედოს. მოსკოვი ამას აკეთებს არ მხოლოდ პირდაპირი აგრესიით, რომელიც უკვე რვა წელია, გრძელდება. ისინი ასევე ცდილობენ, იმოქმედონ დიპლომატიური ზეწოლით და უკრაინის შიგნიდანაც შეარყიონ სიტუაცია. ახლა ვხედავთ მცდელობებს, შეკრიბონ საპროტესტო აქციები. საგულისხმოა, რომ აქციების ორგანიზატორებს აღმოაჩნდათ ხელოვნური სისხლი, რათა შექმნილიყო არეულობის ეფექტი. ამას გარდა, უკვე რამდენიმე თვეა, უკრაინაში განუწყვეტლივ ვრცელდება ინფორმაცია შენობების დანაღმვის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში სიცრუეა ხოლმე. მათ შორის, სკოლების, სარკინიგზო სადგურების დანაღმვის შესახებ. ეს ყველაფერი არის ჰიბრიდული ომი. უკრაინაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არიან პრორუსული პარტიები. ერთ-ერთი მათგანი წარმოდგენილია უკრაინის რადაშიც. ეს არის ოპოზიციური ბლოკი სიცოცხლისთვის. ისინი ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ, როგორც უკრაინულმა ძალამ. მაგრამ ეს ასე არაა. საბედნიეროდ, მათ მოსახლეობის მხოლოდ 10%-მდე თუ უჭერს მხარს. ამასთან, ბოლო კვლევებით, უკრაინელების 70%-ზე მეტი რუსეთს განიხილავს, როგორც აგრესორს და საფრთხეს“, – განაცხადა ჩერნოვმა.