უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო - უკრაინა თუ იქნება ძლიერი და მომზადებული, რუსეთი არ შემოიჭრება
იქნება თუ არა თავდასხმა, ეს მხოლოდ პუტინმა იცის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში უკრაინელმა დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „ევროპეისკა სოლიდარნოსტის“ წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ გააკეთა.
„იმედი მაქვს, რომ თავდასხმა არ იქნება. მივიჩნევ, რომ უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზაცია არის შანტაჟი. ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნებიც აცხადებენ ჩვენთან საუბრებში, რომ პუტინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. უკრაინა თუ იქნება ძლიერი და მომზადებული, რუსეთის შემოჭრა არ იქნება. პუტინი თუ იგრძნობს სისუსტეს, მაშინ რუსეთი შეტევას დაიწყება. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის“, – განაცხადა გონჩარენკომ.
უკრაინელი დეპუტატი აცხადებს, რომ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის არასაკმარისმა რეაქციამ გამოიწვია 2014 წელს რუსეთი მიერ ყირიმის ანექსია, ხოლო 2014 წელს სუსტმა რეაგირებამ მსოფლიო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომელიც ახლა შექმნილია უკრაინის საზღვრებთან.
„მსოფლიო უნდა მიხვდეს, რომ პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის. აგრესორის დაშოშმინება შეუძლებელია. როგორც ჩანს, დასავლეთი ამას უკვე ხვდება. მინიმუმ ანგლო-საქსური სამყარო ამას აცნობიერებს. ვგულისხმობ, აშშ-ს, კანადას და დიდ ბრიტანეთს, რომლის პრემიერ-მინისტრსაც დღეს ველოდებით კიევში. ევროპულ სახელმწიფოებთან ცოტა მეტი კითხვები გვაქვს“, – განაცხადა გონჩარენკომ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.