უკრაინელი ჩოგბურთელი - ჩვენ ხელს არ ვართმევთ რუს და ბელარუს სპორტსმენებს #1TVSPORT
უკრაინელმა ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინამ მხარდაჭერა გამოუცხადა თავის თანამემამულეს, მოფარიკავე ოლგა ხარლანს.
ხარლანმა ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე 1/32-ფინალში 15:7 დაამარცხა რუსი ანა სმირნოვა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ სმირნოვამ მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევა სცადა, მაგრამ უკრაინელმა დაშნა წინ გაწია და მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცა, თან უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. საბოლოოდ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ხარლანი ჩამოაშორა მსოფლიო ჩემპიონატს და ორთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
„ჩვენ ხელს არ ვართმევთ რუს და ბელარუს სპორტსმენებს. ეს ჩვენი პოზიციაა! მოვუწოდებ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებსა და ფედერაციებს, პატივი სცენ ჩვენს გადაწყვეტილებას. მთელი ჩვენი სიყვარული და პატივისცემა ოლგა ხარლანს“, – დაწერა სვიტოლინამ სოციალურ ქსელში.