უკრაინაში კარანტინი 30 აპრილამდე გრძელდება
უკრაინაში კარანტინი 30 აპრილამდე გრძელდება

უკრაინის მთავრობა ქვეყანაში მოქმედ კარანტინს 30 აპრილამდე აგრძელებს და ეპიდემიის მართვის ადაპტაციის მეთოდზე გადადის. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.

სტეპანოვის თქმით, ქვეყნის რეგიონებში სხვადასხვა სახის შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების საფუძველზე დაწესდება.

მთავრობის მიერ ინიცირებული გეგმის მიხედვით, ქვეყნაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც 30 აპრილამდე გახანგრძლივდება.

ამასთან, სტეპანოვის თქმით, 22 თებერვლიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. მათ შორის, დაშვებული იქნება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, თუმცა იმ პირობით, რომ დარბაზის 50% ცარიელი იქნება და ოთხ კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი განთავსდება. ამ წესების დაცვით ფუნქციონირებას განაახლებენ სასტუმროები, სანატორიუმები და კინოთეატრები. ღამის 12 საათამდე გახანგრძლივდება რესტორნების სამუშაო საათებიც.

უკრაინაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 1 280 904 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 128 895 პაციენტი, გარდაიცვალა 24 689 კოვიდინფიცირებული.

უკრაინაში ვაქცინაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.