უკრაინაში ჰოლოდომორის 85-ე წლისთავი აღინიშნა
უკრაინაში ჰოლოდომორის 85-ე წლისთავი აღინიშნა

უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეუღლესთან ერთად კიევის ცენტრში 1932-1933 წლებში შიმშილის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან მივიდა. სიტყვით გამოსვლისას პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ჰოლოდომორზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს.

მოგვიანებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გაიმართა აქცია სახელწოდებით „აანთე სანთელი“, რომლის ორგანიზატორებიც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, ჰოლოდომორის 85-ე წლისთავთან დაკავშირებით სანთლები აენთოთ.

ჰოლოდომორის 85-ე წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელშიც უკრაინაში 1930-იანი წლების დასაწყიში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს საბჭოთა ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს.

„მილიონობით უდანაშაულო უკრაინელი იოსებ სტალინის რეჟიმმა შიმშილით შეგნებულად მიიყვანა სიკვდილამდე. საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინული მიწისა და მოსავლის ბარბაროსული მიტაცება ხორციელდებოდა უკრაინელი ერის დაპყრობის მიზანმიმართული პოლიტიკური მიზნით. ხელოვნურად გამოწვეული კატასტროფული შიმშილი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ქმედება და წარმოადგენს კომუნიზმის დანაშაულების სასტიკ შეხსენებას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო უწყება 85 წლის წინანდელ მოვლენებს უკრაინაში დღეს შექმნილ ვითარებას ადარებს.

„დღეს უკრაინელები კვლავ იღუპებიან რუსეთის მცდელობების შედეგად, გაანადგურონ უკრაინელი ხალხის თვითმყოფადობა და დასავლეთისკენ სწრაფვა. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიამ 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის მიუხედავად, რუსეთი ვერ გატეხს უკრაინულ სულსა და ვერ შეასუსტებს უკრაინელების სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1930-იანი წლების შიმშილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა იყო და ამ მოვლენების „უკრაინელი ხალხის გენოციდად“ წარმოდგენას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობის აღდგენასთან და ისტორიულ ფაქტებთან.

1932-1933 წლებში უკრაინაში მასობრივ შიმშილს ანუ ჰოლოდომორს სხვადასხვა მონაცემებით, რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.