იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების რეზოლუციას იტალიის სენატის 130-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

იტალიელმა სენატორებმა რეზოლუციაში აღნიშნეს, რომ 1932-1933 წლებში სსრკ-მა, სტალინის მეთაურობით, „განზრახ მოახდინა შიმშილის პროვოცირება, რამაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ძირითადად, გლეხებისა და მცირე მიწის მესაკუთრეების“.

„ჰოლოდომორისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საბჭოთა დანაშაულების გახსენებას დღეს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის შეჭრისა და უკრაინის ეროვნული იდენტობის წაშლის განახლებული მცდელობის ფონზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

იტალიელი სენატორების გადაწყვეტილების კომენტირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ მას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, რომელიც „აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას, პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლს და აფრთხილებს მომავალ თაობებს გენოციდის დანაშაულის შესახებ“.

ჰოლოდომორი იყო ხელოვნურად შექმნილი შიმშილობა 1932-1933 წლებში, რის შედეგადაც, საკვების ნაკლებობის გამო, სხვადასხვა შეფასებით, ოთხიდან ექვს მილიონამდე უკრაინელი დაიღუპა.