უხვგოლიანი ტური ეროვნულ ლიგა 2-ში – „სპაერმა“ ისევ მოიგო, გეგიაძე ბომბარდირს გაუთანაბრდა, „იბერია 2“ ლიდერთა სამეულს მიუახლოვდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის მე-13 ტურის შეხვედრები უხვგოლიანი გამოდგა – 5 მატჩში სულ 16 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ მატჩში 3.2 გოლს შეადგენს.
თბილისის „ლოკომოტივმა“ საგურამოში „სამტრედიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში გოლები ლუკა კეკელიძემ და ნიკოლოზ ყველაშვილმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან თავი ჟოზეფ ამოაკომ გამოიჩინა.
„ვიტალი დარასელია არენაზე“ ლადო ბურდულის გაწვრთნილი ტყიბულის „მეშახტე“ თბილისში „დინამო-2“-ს ესტუმრა და 4:0 გაიმარჯვა. მასპინძლები მე-31 წუთიდან კაცნაკლულები თამაშობდნენ – მოედნიდან ავთანდილ მაშავა გააძევეს.
ქვემო ქართლის დერბი გამარჯვებულის გარეშე დასრულდა. ბოლნისის „სიონმა“ „რუსთავთან“ 1:1 ითამაშდა. მასპინძლები მოედანზე გიორგი კორიფაძემ გაიყვანა – ყოფილი მოთამაშე, რომელიც დეკემბრის შემდეგ უგუნდოდ იყო დარჩენილი, „სიონში“ კი მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა ტურის ლიდერმა „სპაერმა“, „ილია კოკაია არენაზე“ მარტვილის „მერანი“ 3:0 დაამარცხა. მატჩის მთავარი გმირი საბა გეგიაძე გახდა. 20 წლის თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა, მას ახლა 10 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში ჯავოხირ ესონკულოვს გაუთანაბრდა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თბილისის „იბერია 2“-მაც, რომელმაც სტუმრად „გონიო“ 4:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა გამოცდილმა ფორვარდმა გურამ გოშთელიანმა. ამ წარმატებით თბილისელები მესამეადგილოსან „რუსთავს“ ქულებით გაუთანაბრდნენ.