უგო ლორისს ავტომობილის მართვის უფლება ჩამოართვეს
უგო ლორისს ავტომობილის მართვის უფლება ჩამოართვეს

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „ტოტენჰემის“ მეკარე უგო ლორისს ჯარიმის სახით 50 000 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს და საჭესთან მომდევნო 20 თვის განმავლობაში ვერ დაჯდება. ასეთი მკაცრი სასჯელის მიზეზი მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა გახდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმებით დადგინდა, რომ ლორისის სისხლში ალკოჰოლის დონე ორჯერ აღემატებოდა დასაშვებს. ვესტმინსტერის სასამართლოს წინაშე გამოცხადებულმა ლორისმა დანაშაული აღიარა.

პოლიციის თქმით, ფეხბურთელის ავტომობილი საეჭვოდ ნელა მოძრაობდა, შემდეგ კი შუქნიშნის წითელ ფერზე გაიარა, რაც სამართალდამცავების მიერ მისი გაჩერების მიზეზი გახდა. ირკვევა ასევე, რომ ფეხბურთელი მანქანიდან პოლიციის დახმარების გარეშე ვერ გადმოვიდა.

31 წლის უგო ლორისი „ტოტენჰემის“ კარს 2012 წლიდან იცავს.