უეფამ სერხიო რამოსს ბრალი წაუყენა
უეფამ სერხიო რამოსს ბრალი წაუყენა

უეფამ სერხიო რამოსს ყვითელი ბარათის შეგნებულად მიღებაში დასდო ბრალი. რეალ მადრიდის მცველმა, აიაქსის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში, 89-ე წუთზე იუხეშა, რისთვისაც მსაჯისგან გაფრთხილება მიიღო და განმეორებით მატჩს, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, გამოტოვებს.

გამომდინარე იქიდან, რომ გასვლითი შეხვედრა მადრიდელებმა 2-1 მოიგეს, გაჩნდა ეჭვი, რომ რამოსმა მსაჯს შეგნებულად გამოსტყუა ყვითელი ბარათი, რათა მეოთხედფინალს „სუფთად ფურცლით“ შეხვდეს.

ეჭვი თავად ფეხბურთელმაც გააძლიერა, როდესაც მატჩის შემდეგი განაცხადა:

„ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, რომ შეგნებულად არ დავჯარიმებულვარ“.

მოგვიანებით, ფეხბურთელმა განმარტა, რომ ამ განცხადებით შეგნებულად დაჯარიმებას გულისხმობდა და არა შეგნებულად ყვითელი ბარათის მიღებას.

„ბოლო წუთი იყო და მეტოქემ საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევა დაიწყო. სხვა გამოსავალი არ მქონდა“, – განაცხადა რამოსმა.

უეფა ხსენებულ საკითხს 28 თებერვალს განიხილავს.