უეფა-ს გადაწყვეტილებით, სექტემბერში სანაკრებო თამაშები მაყურებლების გარეშე ჩატარდება
დღეს, 19 აგვისტოს, უეფა-ს მორიგი ვიდეოკონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი იღებდა მონაწილეობას, უეფა-ს ეგიდით მიმდინარე წლის სექტემბერში გასამართი სანაკრებო მატჩების შესახებ იმსჯელეს.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, სექტემბრის როგორც ეროვნული, ისე 21-წლამდე ნაკრებების მატჩები მაყურებლის გარეშე შედგება.
ეროვნული ნაკრების სექტემბრის კალენდარი – ერთა ლიგის გათამაშება
5 სექტემბერი – ესტონეთი – საქართველო
8 სექტემბერი – საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია
21-წლამდე ნაკრების სექტემბრის კალენდარი – ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
4 სექტემბერი – საქართველო – საფრანგეთი
8 სექტემბერი – ლიხტენშტაინი – საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ოქტომბერში დაგეგმილ სანაკრებო მატჩებზე მაყურებლის დასწრების საკითხს უეფა სექტემბერში, მორიგ ვიდეოკონფერენციაზე გადაწყვეტს.
პირველი მატჩი, სადაც უეფა მაყურებლის დაშვებას გეგმავს, ბუდაპეშტში გასამართი სუპერთასია. უეფა-ს სუპერთასის შეხვედრა ბუდაპეშტში 24 სექტემბერს გაიმართება.