უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის სხდომა, კობიაშვილის ხელმძღვანელობით, ონლაინ-რეჟიმში გაიმართა #1TVSPORT
უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის სხდომა, კობიაშვილის ხელმძღვანელობით, ონლაინ-რეჟიმში გაიმართა #1TVSPORT

18 მაისს უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თავჯდომარის რანგში უხელმძღვანელა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ლევან კობიაშვილი უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის თავჯდომარედ 2019 წლის მაისში, ოთხი წლის ვადით აირჩიეს, კომიტეტს კი პირველად 2019 წლის ნოემბერში უხელმძღვანელა.

ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვია, ვიცე-თავჯდომარეები – პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

პანდემიისგან გამოწვეული ქვეყნებს შორის გართულებული გადაადგილების გამო, სხდომა ონლაინ-რეჟიმში გაიმართა და კომიტეტი 2019 წლის 19 ნოემბრის შემდეგ პირველად შეიკრიბა.

კომიტეტის სხდომას, წევრებთან, თავჯდომარის მოადგილე ბორისლავ მიხაილოვთან, პირველ და მეორე ვიცე-თავჯდომარეებთან პაველ ჩებანუსა და ლუიშ ფიგუსთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ უეფა-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ჯორჯო მარკეტი, უეფა-ს ქალთა ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელი ნადინ კესლერი და უეფა-ს სხვა წარმომადგენლები.

კომიტეტის სხდომაზე, ფეხბურთის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს – თამაშის წესები, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის და და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ახალგაზრდული ჩემპიონატების სტრუქტურისა და მიმდინარე წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი. მომდევნო სხდომა 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი