უეფა-ს ახალი ანგარიში - პანდემიამ ევროპული საკლუბო ფეხბურთი 7 მილიარდით აზარალა, მაგრამ უკეთესობა შეინიშნება #1TVSPORT
უეფა-ს ახალი ანგარიში - პანდემიამ ევროპული საკლუბო ფეხბურთი 7 მილიარდით აზარალა, მაგრამ უკეთესობა შეინიშნება #1TVSPORT

უეფა-მ გამოაქვეყნა ევროპის საკლუბო ფეხბურთის ანგარიში, რომელიც ითვალისწინებს ევროპული ფეხბურთის ფინანსური მდგომარეობის დეტალურ ანალიზს, განიხილავს საკლუბო შეჯიბრებებში არსებულ ვითარებასა და მოთამაშეთა პოზიციებს. გარდა ამისა, ანგარიში აანალიზებს უმაღლესი დივიზიონის კლუბებზე COVID-19 გავლენას.

„ბევრ ქვეყანაში 2021/22 წლების სეზონის ნახევარი გაიმართა და სტადიონზე დასწრება სტაბილურად უმჯობესდება. ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და მიღწეულია დიდი ძალისხმევით. მატჩების ორგანიზებისა და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტური პროცედურების განხორციელების წყალობით მთელ ევროპაში“, – აცხადებს უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდრე ჩეფერინი.

ევროპული საკლუბო ფეხბურთის ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ეხება 4,4 მილიარდი ევროს დაკარგულ მოგებას (და ეს თანხა იზრდება), რომლის უმეტესი ნაწილი სტადიონებზე შესასვლელი აბონემენტების და ბილეთების გაუსაღებლობის გამო დაიკარგა. ცარიელ სტადიონებზე თამაშმა 2020/21 ფინანსური წლისთვის გამოიწვია ამ შემოსავლების 88 პროცენტით შემცირება. ევროპული კლუბები ბიუჯეტის მხოლოდ 2%-ს შოულობდნენ ბილეთებიდან, ხოლო პანდემიამდე ეს წილი 16%-ს შეადგენდა.

ბილეთების გაყიდვიდან მიღებული მოგების შემცირებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მთლიანად ევროპული საკლუბო ფეხბურთის ფინანსურ მდგომარეობაზე. ანგარიში აჩვენებს, რომ პანდემიით გამოწვეული ზარალი ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით შვიდი მილიარდი ევრო იქნება.

პუბლიკაციის მიხედვით, კლუბებს შემოსავლის ორი საიმედო წყარო დარჩათ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს კვლავ დიდი იყო სატელევიზიო კონტრაქტებით მიღებული შემოსავალი. ამასთან, ევროთასების ახალ ციკლში (2021/22-2023/24) მაუწყებლობის უფლებების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზრდა გაგრძელდება.