უეფა-მ ქალთა ახალი შეჯიბრება წარადგინა – საქართველოდან ევროტურნირზე მონაწილეობას „კვარტალიც“ მიიღებს #1TVSPORT

12:44, 19.12.2024

2025/26 წლების ქალთა ევროტურნირზე საქართველოდან ერთის ნაცვლად ორი გუნდი ითამაშებს. ასეთია ლოზანაში (შვეიცარია) წლის ბოლო შეკრებაზე, უეფა-ს აღმასკომზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგი.

უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე 18 გუნდი იქნება წარმოდგენილი, ასევე ჩატარდება უეფა-ს ქალთა ევროპის თასის გათამაშება. ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონი „ლანჩხუთი“ წარადგენს, ხოლო ევროპის თასზე – მეორეადგილოსანი „კვარტალი“.

2025/26 წლების სეზონისთვის ქალთა საკლუბო შეჯიბრებებისთვის შემოსავლების განაწილების ახალი რეკორდული სისტემა დამტკიცდა, რაც ევროპაში ქალთა საკლუბო ფეხბურთის ახალი ხუთწლიანი ციკლის დასაწყისია.

უეფა-ს ცნობით, ერთი წლის წინ გამოცხადებული ტურნირი 2025/26 წლების სეზონში დაიწყება და მეტ გუნდს მისცემს შესაძლებლობას, ორმატჩიან დაპირისპირებაში გამოსცადოს თავი.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებული ცნობის მიხედვით, კონკურსის ბრენდინგისა და ახალი თასის წარდგენა 2025 წლისთვის იგეგმება.

მსგავსი