უეფა და ფიფა უკრაინის ასოციაციის პრეზიდენტის საქმიანობას იძიებენ
უეფა და ფიფა უკრაინის ასოციაციის პრეზიდენტის საქმიანობას იძიებენ

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის (UAF) პრეზიდენტი ანდრეი პაველკო უეფას და ფიფას მიერ დაწყებული გამოძიების ობიექტი გახდა – ინფორმაციას სააგენტო „ეი-პი“ (AP) ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, პაველკო, რომელიც ადრე უეფას აღმასკომის წევრი იყო, კორუფციულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. 2018 წლის სექტემბრიდან, სპორტული ფუნქციონერი უეფას გამომძიებლებთან მიმოწერას აწარმოებდა. მას უნდა აეხსნა ის მრავალმილიონიანი გადარიცხვები, რომელიც 2017 წელს უკრაინის ფედერაციის სახელზე განახორციელა.

უეფა ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. მაგრამ სააგენტოს ცნობაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიის პროკურატურამ პაველკო გასულ წელს მას შემდეგ დაკითხა, როდესაც გამოცემა „ლ’​ილუსტერის“ (L’illuster) ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას უკრაინიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ. ჟურნალმა გამოაქვეყნა მასალები, რომლიდანაც ცნობილი გახდა, რომ უეფამ უკრაინაში დიდძალი თანხები გადარიცხა.