თუ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ორსულად იყავით, შეიძლება ერთი დილემის წინაშე იდექით. თუ სიცხით, თავის ან წელის ტკივილით გაიღვიძეთ, ალბათ გაიფიქრეთ, უსაფრთხოა თუ არა პარაცეტამოლის მიღება?
ასეთი ყოყმანი სულაც არაა გასაკვირი. გასული წლის სექტემბერში, აშშ-ის მთავრობამ ფართოდ გაავრცელა ეჭვი და შეშფოთება, როდესაც ფეხმძიმობის დროს პარაცეტამოლის მოხმარება დაუკავშირა აუტიზმსა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობას (ADHD).
თუმცა, ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული ახალი დიდი საერთაშორისო კვლევა ამ საკითხს ძალიან საჭირო სიცხადეს სძენს.
კვლევა ადასტურებს, რომ ფეხმძიმობისას პარაცეტამოლის, იგივე აცეტამინოფენის (ბრენდული სახელებით ასევე ცნობილი, როგორც პანადოლი და ტილენოლი) არ ზრდის ბავშვში აუტიზმის, ADHD-ის ან გონებრივი ჩამორჩენილობის რისკს.
პარაცეტამოლი უსაფრთხო და ეფექტიან გზად რჩება ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე სიცხისა და ტკივილის სამკურნალოდ.
რას ეხებოდა ახალი კვლევა
მკვლევრებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი სისტემატური მიმოხილვა და მეტაანალიზი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ადამიანთა მხოლოდ ერთი ჯგუფი კი არ შეისწავლეს, არამედ გააერთიანეს მრავალი წინა კვლევის შედეგები.
საერთო ჯამში, მიმოიხილეს 43 კვლევა, რომლებშიც შესწავლილი იყო, მუცლადყოფნის პერიოდში პარაცეტამოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბავშვს ჰქონდა თუ არა მოგვიანებით აუტიზმის, ADHD-ის ან გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის მეტი რისკი.
უმნიშვნელოვანესია, რომ ავტორებმა პრიორიტეტი მიანიჭეს დედმამიშვილების შედარების კვლევებს. ამ კვლევებში ერთმანეთს ადარებდნენ ერთი ოჯახის დედმამიშვილებს, რომლებშიც ორსულობის დროს ერთი იყენებდა პარაცეტამოლს, მეორე არა.
ეს მიდგომა შედარებისთვის მაღალი ხარისხის მონაცემებს იძლევა. მკვლევრებს ეხმარება იმის გამოცალკევებაში, რასაც სწავლობენ, ამ შემთხვევაში — პარაცეტამოლის.
დედმამიშვილებს აქვთ საერთო გენეტიკა, სახლის გარემო და ოჯახური წარსული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფაქტორებში არ იქნება განსხვავებები, რასაც შეიძლებოდა შედეგები დაემახინჯებინა.
იმისათვის, რათა მიღებული შედეგების სიზუსტეში დარწმუნებულიყვნენ, მკვლევრებმა ფართო სტატისტიკური მეთოდები გამოიყენეს.
რას მიაგნეს?
ამ მაღალხარისხიან მონაცემებში, მკვლევრებმა ვერ მიაგნეს აუტიზმის, ADHD-ის ან გონებრივი ჩამორჩენილობის მნიშვნელოვან ზრდას ბავშვებში, რომელთა დედებიც ფეხმძიმობისას პარაცეტამოლს იყენებდნენ.
ასე იყო, როცა ავტორებმა (ა) შეისწავლეს დედმამიშვილებზე ჩატარებული კვლევები, (ბ) ფოკუსირდნენ მიკერძოების დაბალი რისკის მქონე კვლევებზე და (გ) გამოკვლეულ ბავშვებს აკვირდებოდნენ ხუთ წელიწადზე მეტხანს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ყველაზე ძლიერ მეთოდებს იყენებდნენ, ადრეული საგანგაშო ნიშნები უბრალოდ არ ჩნდებოდა. კვლევამ დაასკვნა, რომ პარაცეტამოლი, როცა ის პირდაპირ გამოიყენება, უსაფრთხოა ორსულობისას.
ეს შედეგები იმეორებს 2024 წელს ჩატარებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევის შედეგებს, რომელიც შვედეთში ჩატარდა თითქმის 2,5 მილიონ ბავშვზე (1995 – 2019 წლებშ შორის დაბადებულები).
შვედურმა კვლევამ წარმოაჩინა სამეცნიერო კვლევებში კარგი კონტროლის აუცილებლობა.
აჩვენა, რომ როცა კვლევებში არ გამოიყენება დედმამიშვილთა შედარებები, როგორც დამაბნეველი ფაქტორების კონტროლის გზა, როგორც ჩანს, ორსულობის დროს პარაცეტამოლის გამოყენებისას ჩნდება აუტიზმისა და ADHD-ის რისკის უმნიშვნელოდ ზრდა.
თუმცა, როცა მკვლევრებმა დედმამიშვილების კვლევებში მკაცრი სტატისტიკური მეთოდოლოგია გამოიყენეს, რათა გაეთვალისწინებინათ დამაბნეველი ფაქტორები ადამიანებს შორის — სხვაობები, როგორიცაა გენეტიკა ან საცხოვრებელი გარემო — ეს კავშირები გაქრა.
Lancet-ის ახალი კვლევის მსგავსად, შვედურმა კვლევამ ასევე დაასკვნა, რომ აბსოლუტურად არ არსებობდა აუტიზმის, ADHD-ის ან ნეიროგანვითარების შეზღუდვის მტკიცებულება ორსულობისას პარაცეტამოლის გამოყენებისას.
რატომ არის მნიშნველოვანი
პარაცეტამოლი რიგითი წამალი არ არის. ხშირად ის ერთადერთი რეკომენდებული ვარიანტია ორსულობისას ტკივილისა და მაღალი ტემპერატურის სამკურნალოდ.
ფეხმძიმე ქალებში სიცხის დამწევი უსაფრთხო წამალი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.
ორსულობის დროს სიცხის მკურნალობის გარეშე დატოვება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს როგორც ნაყოფის, ისე დედისთვის. ფეხმძიმობისას ცხელება დაკავშირებულია მუცლის მოშლასთან, ნაადრევ მშობიარობასთან და დაბადების გართულებებთან.
ამგვარად, პარაცეტამოლისგან „ყოველი შემთხვევისთვის“ თავის არიდება სინამდვილეში სულაც არაა ფრთხილი არჩევანი. ტკივილის ან სიცხის არმკურნალობის რისკები შეიძლება იმაზე დიდი იყოს, ვიდრე თავად მედიკამენტის.
ორსული ქალებს, რომლებიც აწონ-დაწონიან, მიიღონ თუ არა ტაბლეტი ცხელების ან ორსულობის ტკივილების დროს, ეს კვლევა დაეხმარება დარწმუნებაში, რომ პარაცეტამოლის მიღება უსაფრთხო და მტკიცებულებებზე დაფუძნებულია.
პარაცეტამოლი, როგორც ათწლეულების განმავლობაში, პირველი რიგის მედიკამენტად რჩება.
თუკი შიშები მაინც გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.




