უცხოური მედია - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ, სირიაში, ერაყის საზღვრის მახლობლად შვილთან ერთად იმალება
უცხოური მედია - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ, სირიაში, ერაყის საზღვრის მახლობლად შვილთან ერთად იმალება

ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ, სირიის აღმოსავლეთ ნაწილში, ერაყის საზღვრის მახლობლად შვილთან ერთად იმალება. ინფორმაციას ამის შესახებ ერაყული გამოცემა Al Sharq Al Awsat-ი ერაყის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ალ-ბაღდადი სირიაში, ერაყთან მოსაზღვრე იმ რაიონებში იმყოფება, სადაც „ისლამურ სახელმწიფოს“ ამ დრომდე აქვს თავისი გავლენა შენარჩუნებული.

გამოცემა წერს, რომ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ოთხი-ხუთი პირის თანხლებით გადაადგილდება, რომელთა შორის მისი ვაჟი და სიძე არიან.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ტელეკომპანია Fox News-მა ერაყის შსს-ს დაზვერვისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადი ცოცხალია და სავარაუდოდ, სირიაში, ერაყის საზღვრიდან 29 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰაჯინში იმყოფება. გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია.