უახლოეს დღეებში ვახტანგ გომელაური ნდობის ჯგუფს სპეცოპერაციაზე პირველად ინფორმაციას მიაწვდის
უახლოეს დღეებში ვახტანგ გომელაური ნდობის ჯგუფს სპეცოპერაციაზე პირველად ინფორმაციას მიაწვდის

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ნდობის ჯგუფის წევრებს პირველად ინფორმაციას მიაწვდის, ხოლო მომავალში საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება მოხდება.

მისი თქმით, კითხვები მართლაც არსებობს, თუმცა მათ უახლოეს მომავალში პასუხი გაეცემა. უმრავლესობის წევრის განმარტებით, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესში შედის ის, რომ შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო.

„რა თქმა უნდა, ყველას, პირველ რიგში, საზოგადოებას სურს, რომ დროულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, რამდენადაც ჩვენ გვინდა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი. მე აბსოლუტურად მესმის ჩემი კოლეგების, რომ მათი კითხვები, მათ შორის ვერსიები ლეგიტიმურად მივიღოთ. თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს და მინდა ხაზი გავუსვა, რომ პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ჩვენი ხელისუფლება არის დაინტერესებული მაქსიმალურად დროულად და აბსოლუტურად ამომწურავად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, თუ რა მოხდა. რამდენადაც, ერთი მხრივ, ჩვენ ყველა კითხვაზე პასუხი გვაქვს გასაცემი, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი უსაფრთხოების გარემო, იყოს სტაბილური, რაზეც არის დამოკიდებული ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარება, ამიტომ აქ თითის გამოშვერა, რომ საზოგადოებას რაღაცას ვუმალავთ, ეს ასე არ არის, ვინაიდან ეს, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში შედის, მაგრამ ვფიქრობ, ვინც გინივრულად მიუდგება ამ საკითხს, კარგად გაიგებს, რომ თუკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამაზე დღეს ღიად არ საუბრობს, ამას აქვს თავისი მიზეზები. ამას აქვს თავისის მგრძნობიარობა და თავისი სპეციფიკა. ეს ისევ და ისევ უკავშირდება იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ბატონი ვახტანგ გომელაური, პირველ რიგში, ნდობის ჯგუფის ფარგლებში, პირველად ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის წევრებს, ხოლო მომავალში, რა თქმა უნდა, ასევე საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება მოხდება, რადგან ხაზს ვუსვამ – ყველას გვაქვს საერთო კითხვები“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილი საკუთარ გამოსვლაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის ხელისუფლებას ბრალს დებს ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანაში. ირაკლი სესიაშვილი ოპონენტის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

„თუმცა ქალბატონი ირმა საუბრობდა ვერსიებზე, კითხვებზე და მე ვთქვი, რომ თქვენ გაქვთ ამის უფლება, თუმცა ვერსია ვერსიაა და პოლიტიკური თავდასხმა და შეურაცხყოფა – სხვა. ის ვერსია, რომ თითქოს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოიყვანა უბრალოდ ღირსების შემლახავია, რას ეუბნებით გარდაცვლილი გმირი სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს ან მის თანამებრძოლებს, რომ მისმა ხელმძღვანელობამ მტერი შემოიყვანა და თანამებრძოლი და ოჯახის წევრი მოუკლა? ეს ხომ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. ეს ხომ არ გჯერათ თქვენ? ეს სირცხვილია თქვენი მხრიდან. მართლაც მძიმე ფაქტი მოხდა, მაგრამ უნდა შევძლოთ, თუნდაც იშვიათად, ჩვენი კონსოლიდირება და ისევ და ისევ საერთო ინტერესების დაცვა, რადგან ეს ქვეყანა არის ყველასი და ყველა მოქალაქის დაცვის ვალდებულება თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.

სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის სტაბილურია.

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.