U21 | ისრაელის ნაკრებს საქართველოსთან თამაშზე 2000 გულშემატკივარი გაამხნევებს - გაი ლუზონმა წინასამატჩო ვარჯიში ნაადრევად დაასრულა #1TVSPORT
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ისრაელის ახალგაზრდულმა ნაკრებმა დასკვნითი ვარჯიში ნაადრევად დასრულა. გამოცემა sport 5-ის ცნობით, გუნდის მთავარ მწვრთნელს, გაი ლუზონს არ სურდა, რომ მისი ვარჯიში უცნობ ადამიანებს ეხილათ.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ახალგაზრდული ნაკრები თამაშზე დაახლოებით 2000 ადამიანის მხარდაჭერას იმედოვნებს.
„ისრაელის ნაკრების გულშემატკივრებმა ათასზე მეტი ბილეთი შეიძინეს, ხოლო ფეხბურთელებმა, პერსონალმა და ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის წევრებმა 500-მდე ბილეთი მიიღეს. თამაშს, სავარაუდოდ, 2000-ზე მეტი ისრაელელი და საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენელი დაესწრება. ვარაუდობენ, რომ ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრები უცხოეთში გულშემატკივრების დასწრების რეკორდს მოხსნის.
ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობამ ტრანსპორტის მინისტრს, მირი რეგევს ბიუროკრატული საკითხების დროულად მოგვარებაში დახმარება სთხოვა, რათა თბილისში რაც შეიძლება მეტი თვითმფრინავი გაფრინდეს.
თბილისი და, ზოგადად, საქართველო ისრაელელებისთვის დასვენების საყვარელ ადგილად ითვლება, ამიტომ ბევრი ტურისტი თავის მოგზაურობაში ამ უმნიშვნელოვანეს თამაშსაც ჩართავს.
დისკვალიფიცირებული როი რევივოს გარდა, გაი ლუზონის განკარგულებაში სრული შემადგენლობა იქნება. დასკვნით ვარჯიშზე მარცხენა მცველად გილ კოენი გამოსცადეს, ასევე ზივ მორგანისა და ილაი ჰაჯაის ვარიანტებსაც განიხილავდნენ.
აქამდე ლუზონი ყველა თამაშში განსხვავებული სათამაშო სქემით გამოდიოდა. საქართველოსთან რევივოს არყოფნამ, შესაძლოა, განაპირობოს, რომ მწვრთნელმა სამი ცენტრალური მცველით ითამაშოს. ამ შემთხვევაში ჰაჯაის მარცხენა ფლანგზე გაამწესებენ.
შეტევაში ოსკარ გლუხსა და დორა ტურგემანს ადგილი გარანტირებული აქვთ. იდან გურნომ, შესაძლოა, ძირითადში ადგილი დაკარგოს და მის ნაცვლად ანან ხალაილმა ითამაშოს, რომელმაც ჩეხეთთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა“, – წერს გამოცემა.