U21 | ისრაელის ნაკრების მწვრთნელი - გამოვავლინეთ ხასიათი და დამსახურებულად გავიმარჯვეთ #1TVSPORT
ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, გაი ლუზონმა თამაში შეაფასა და ოლიმპიადისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯით ემოციები არ დამალა.
„ხომ არ იყო საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების მიზეზი იღბალი? შეგვეძლო თამაში 25-ე წუთზე დაგვესრულებინა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მერე საქართველომ უპირატესობა მოიპოვა. თუმცა ამ დროს ჩვენ გამოვავლინეთ სიმამაცე და ხასიათი და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
უდიდესი ემოციები მქონდა თამაშამდე, დღესაც ძალიან ვნერვიულობდი პენალტების სერიის დროს, მაგრამ მჯეროდა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვეძლო და ეს დადასტურდა კიდეც“, – განაცხადა ლუზონმა.
მასთან ერთად მედიასთან შეხვედრაზე მეკარე დანიელ პერეცი მოვიდა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – პენალტების სერიაში ერთი დარტყმა მოიგერია და გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
„პენალტების სერიაში გამარჯვება უდიდესი ემოციაა. ამის გადმოცემა შეუძლებელია და ბედნიერი ვარ. ოლიმპიადის საგზური მოვიპოვეთ თუ არა, მალე გაირკვევა. ჩვენ კი ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ“, – თქვა დანიელ პერეცმა.