ტყვიის სროლაში თასის გათამაშება მიმდინარეობს - საუკეთესოები ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებენ (ფოტოამბავი)
ტყვიის სროლაში თასის გათამაშება მიმდინარეობს - საუკეთესოები ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებენ (ფოტოამბავი)

 ნინო სალუქვაძის ტირი ტყვიის სროლაში 2019 წლის სეზონის ბოლო შეჯიბრებას – საქართველოს თასს მასპინძლობს.

შეჯიბრება დღეს დაიწყო და პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ტარდება. მონაწილეობენ თბილისის ორივე კლუბი – „ტირი ნინო სალუქვაძე“ და „სკა“, აგრეთვე ქუთაისისა და თელავის გუნდები. შეჯიბრება გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის, სადაც ახალგაზრდები და უფროსები ერთად ისვრიან და ასაკობრივი დაყოფა არ არის. სამაგიეროდ, ამჯერადაც გამოვლენ დამწყები მსროლელები.

პირველ საშეჯიბრო დღეს ქალებმა და ვაჟებმა იასპარეზეს. ხვალ გათამაშებაში დამწყები სპორტსმენები ჩაერთვებიან, ტურნირი 22-ში შერეულ წყვილთა შეჯიბრებით დასრულდება და დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართება.

„ბოლო დროს ტყვიის სროლაში წინსვლა აშკარაა. გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობაც და გეოგრაფიაც. განსაკუთრებით ის გვხარებს, რომ ახალი თაობის გაზრდა თელავშიც დაიწყეს – 2015 წელს ახალი კლუბი შეიქმნა და პირველ შედეგებს უკვე აჩვენებენ“ – ამბობს ტყვიის სროლის ფედერაციის გენერალური მდივანი ნინო ლომთაძე.

ლევან ქადაგიძე, საქართველოს ნაკრების წევრი ტყვიის სროლაში: „ტურნირზე ყველა კატეგორიის ასაკის მონაწილეები არიან. საუკეთესოებიდან საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომლებიც უახლოეს მომავალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებზე იასპარეზებენ“.

 ()