ტყიბულის შახტში დაშავებულ ორ პაციენტს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ
ტყიბულის შახტში დაშავებულ ორ პაციენტს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ

ტყიბულის შახტში დაშავებულთაგან ორს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ, – ამის შესახებ პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, ქაშიბაძის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„ორი პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ხვალ უკვე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. ორი მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. მათგან ერთ-ერთი უკვე მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან. უბრალოდ მკურნალობისთვის უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდებათ. სამი მათგანი კონტაქტურია, საღ გონებაზე, მეოთხე რამდენიმე წუთის წინ მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, პაციენტები კლინიკაში 25-50 პროცენტიანი დამწვრობით მიიყვანეს.

მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.