თვის საუკეთესოს ტიტული მეათედ - გიორგი შერმადინმა ესპანური რეკორდი გაიმეორა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ისტორიაში ჩაეწერა. იგი მეათედ გახდა თვის MVP. აქამდე ეს რეკორდი ტანოკა ბერდს ეკუთვნოდა. მართალია, 216 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრს რეკორდი არ დაუმხია, ჯერ მხოლოდ გაიმეორა, თუმცა იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მალე გააუმჯობესებს.

ახლა უფრო კონკრეტულად: მიმდინარე სეზონი გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ იყო ტრავმა და გუნდის ჩავარდნაც. თუმცა ბოლო ორი თვეა, როგორც შერმადინი, ასევე მისი გუნდი შეუჩერებლები არიან.

შესაბამისად გიორგი ჯერ მარტის MVP-ად აღიარეს, ახლა – აპრილის. ბოლო თვეში ჩატარებულ 7 შეხვედრაში გიორგის საშუალო სტატისტიკა 22:53 წუთი, 18,6 ქულა (83%-იანი სიზუსტე ორქულიანებში, 85,7% – საჯარიმოებში), 5,7 მოხსნა და მარგი ქმედების კოეფიციენტი 27,4 იყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს გამოკითხვა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად, რომელშიც ქართველ გულშემატკივარს საშუალება აქვს შერმადინს მხარი დაუჭიროს და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, იგი ზედიზედ მეორედ მიიღებს ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულს.