შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელობისთვის იბრძვის - ხმის მიცემა დღეს დაიწყო #1TVSPORT
შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელობისთვის იბრძვის - ხმის მიცემა დღეს დაიწყო #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოქმედი მფლობელი, გიორგი შერმადინი ისევ MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის და გამარჯვების შესანიშნავი შანსი აქვს. 2020-2021 წლების სეზონში „ტენერიფეს“ ქართველ ცენტრს მაღალი შედეგიანობა ძვირფასი ჯილდოს მოგებით დაუფასდა. შერმადინი ლიგა „ენდესას“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა გამოკითხვაში მონაწილე ოთხივე სეგმენტმა – გულშემატკივრებმა (ონლაინ-გამოკითხვა), ლიგის მწვრთნელებმა, თავად მოთამაშეებმა და ჟურნალისტებმა.

დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყო მიმდინარე, 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენი გამოკითხვა გულშემატკივართა შორის, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. გამოკითხვა წარმოებს Instagram-ისა Tweeter-ის გვერდებზე. ხმის მიცემისთვის უნდა შეხვიდეთ აღნიშნულ სოცქსელებში და მოძებნოთ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი (ACB.COM), სადაც შესაბამისი გამოკითხვის ბანერის ქვეშ დაწერთ კომენტარს #MVPMovistar Giorgi Shermadini.  გამოკითხვა იწარმოებს ასევე ესპანური ლიგის სპეციალურ აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებს ტელეფონიდან შეგეძლებათ:

ანდროიდი: acb sports.

IOS: Asociación Clubs de Baloncesto

შეგახსენებთ, რომ ესპანური ლიგის მესვეურთა მიერ დადგენილი წესის თანახმად, გულშემატკივართან ერთად გამოიკითხებიან ლიგის მწვრთნელები, მოთამაშეები და ჟურნალისტები. თითოეულ სეგმენტს 25-პროცენტიანი ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივართა გამოკითხვის მოგებით კანდიდატი მთლიანი გამოკითხვის 1/4-ს ანუ 25%-ს მოიგებს.

ლიგის ხელმძღვანელობამ მოთამაშეები 3 პოზიციაზე გაანაწილა – უკანახაზელები (25 მოთამაშე), ფორვარდები (25) და ცენტრები (25). გულშემატკივართა გამოკითხვა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა, 13 მისის საღამომდე გაგრძელდება.  გაითვალისწინეთ, რომ სამივე საშუალებით (Instagram, Twitter, ACB APP) 24 საათში ერთხელ მისცემთ ხმას.

დაწესდა პერიოდი, როცა აღნიშნული სოციალური ქსელებით ხმის მიცემა ჩაითვლება ორად – ეს გახლავთ 2-დან 9 მაისის ჩათვლით თბილისის დროით  14:00-24:00 საათებს შორის პერიოდი. ასევე, Twitter-ზე ხმის მიცემას ის უპირატესობა აქვს, რომ თქვენს მიერ დაწერილი ხმის დასაჭერი პოსტი რამდენჯერაც გადაზიარდება, ხმათა რაოდენობაც იმდენით გაიზრდება.