თუშეთში ავარიისას დაშავებულმა ორივე პაციენტმა თელავის რეფერალური ჰოსპიტალი დატოვა
თუშეთში ავარიისას დაშავებულმა ორივე პაციენტმა თელავის რეფერალური ჰოსპიტალი დატოვა

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულმა ორივე პაციენტმა თელავის რეფერალური ჰოსპიტალი დატოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ექიმების განცხადებით, ბოლო პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან რამდენიმე წუთის წინ გაეწერა. მათივე თქმით, მას ქვედა კიდურების დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა სიცოცხლისთვის რაიმე შეუსაბამო არ ყოფილა, შესაბამისად, ექიმებმა ერთდღიანი დაკვირვების შემდეგ სახლში გაწერეს.

როგორც პაციენტი ჰყვება, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მან ავტომობილიდან გადმოხტომა მოასწრო და სწორედ ამ დროს მიიღო დაზიანებები.

ამასთან, სამედიცინო დაწესებულება გუშინვე დატოვა კიდევ ერთმა დაშავებულმა, რომელსაც ასევე ქვედა კიდურების დაზიანება აღენიშნებოდა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა დიდი სიმაღლიდან გუშინ გადავარდა, რომელშიც 12 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის დროს ხუთმა მათგანმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, ორი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო სამს კი ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანი. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.