თურქული მედიის ინფორმაციით, აია სოფიას სტატუსზე თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ივლისს გამოქვეყნდება
თურქული მედიის ინფორმაციით, აია სოფიას სტატუსზე თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ივლისს გამოქვეყნდება

აია სოფიას სტატუსზე თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ივლისს გამოქვეყნდება.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, სახელმწიფო საბჭომ საქმის მოსმენა დაასრულა და წერილობით განაჩენს 15 დღეში გაასაჯაროებს.

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ადგილობრივი ასოციაცია პეტიციის საფუძველზე ითხოვს.

სასამართლომ ადვოკატების არგუმენტები უკვე მოისმინა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 1934 წელს, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც აია სოფია მეჩეთიდან მუზეუმად გადაკეთდა, კერძო საკუთრების კანონის დარღვევა იყო და უნდა გაუქმდეს.

აია სოფია 916 წლის განმავლობაში ქრისტიანული ეკლესია იყო. 1453 წელს ოსმალთა იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, აია სოფია მეჩეთად გადაკეთდა. თურქეთის რესპუბლიკის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააჟღერა. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ბართლომემ თქვა, რომ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება ქრისტიანების იმედგაცრუებას გამოიწვევს.