თურქეთში, პრეისტორიული მღვიმის აღმოჩენები მიუთითებს, რომ ადამიანებსა და ნეანდერტალელებს ათასობით წლის განმავლობაში ჰქონდათ საზიარო კულტურა — #1tvმეცნიერება
ჩვენს დნმ-ში შემორჩენილი კვალის საფუძველზე ვიცით, რომ ჰომო საპიენსი ნეანდერტალელებს იმაზე გაცილებით ადრე შეხვდა და შეერია, ვიდრე ჩვენი სახეობა საბოლოოდ გახდებოდა დომინანტი.
ახლახან ჩატარებული ახალი გათხრები ამ ორ ჯგუფს შორის კიდევ უფრო ახლო კავშირზე მიუთითებს, რაც როგორც ჩანს, მრავალი ათასწლეულის მანძილზე გაგრძელდა.
ექსპერტები თურქეთიდან, საფრანგეთიდან და იაპონიიდან, ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში გათხარეს უჩაღიზლი II მღვიმის ფენები — ლევანტის რეგიონის ნაწილი, რომელიც ადრეული ადამიანებისთვის დერეფნის როლს ასრულებდა აფრიკიდან ევრაზიაში გავრცელებისას.
დაადგინეს, რომ ნეანდერტალელები (დაწყებული დაახლოებით 77 000 წლის წინანდელი პერიოდიდან) და თანამედროვე ადამიანები (დაახლოებით 59 000 წლის წინანდელი პერიოდიდან) ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობდნენ — მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მღვიმის ბინადრები იცვლებოდნენ, ქვის ბევრი იარაღი, სანადირო ტექნიკა და შეგროვებული ობიექტები იგივე რჩებოდა.
ეს კი მიუთითებს ჯგუფებს შორის საერთო კულტურის ზოგიერთ ელემენტზე, რომელიც შესაძლოა 20 000 წელს მოიცავდეს.
„ჩვენი აღმოჩენები მიანიშნებს კულტურული ურთიერთობის ღრმა დონეზე. ეს ორი სხვადასხვა, მაგრამ ახლო მონათესავე ადამიანთა ჯგუფი არა მხოლოდ ერთსა და იმავე გარემოს ერგებიოდა, ისინი ალბათ სიმბოლურ პრეფერენციებსაც იზიარებდნენ“, — ამბობს იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ნაოკი მორიმოტო.
მკვლევრებმა გამოიყენეს ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენციის მეთოდი, რომელიც აფასებს, როდის მოხვდა დანალექის მარცვლებს მზე ბოლოს; ამის საფუძველზე ხდება მღვიმეში ნაპოვნი ნივთების დათარიღება.
საზიარო კულტურის თვალსაზრისით, ყველაზე გამორჩეული აღმოჩენა იყო ზღვის ლოკოკინა Columbella rustica-ს ნიჟარები. მათ კვებითი ღირებულება არ უნდა ჰქონოდათ, შესაბამისად, ორნამენტული დანიშნულების უნდა ყოფილიყო; მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიჟარები აქამდე მხოლოდ ჰომო საპიენსთან იყო დაკავშირებული, როგორც ჩანს, მათ ნეანდერტალელებიც აგროვებდნენ.
შედეგი ისაა, რომ ეს ორი სახეობა ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტში იყო, საუკუნეების განმავლობაში იზიარებდა ცოდნას და ტრადიციებს.
„ჩვენი აღმოჩენები მიუთითებს საერთო ქცევებზე ნეანდერტალელებსა და თანამედროვე ადამიანებს შორის, რომელიც სცილდებოდა არსებობის ფარგლებს და მოიცავდა არაუტილიტარულ ქცევებს აქ შესწავლილ კონკრეტულ გეოგრაფიულ და დროით კონტექსტში“, — წერენ მკვლევრები.
მღვიმის დანალექებში სხვა აღმოჩენებს შორისა კბილები, ყბის ძვალი, გრავირებული არტეფაქტები და ცხოველთა ნაშთები: მათ შორის, ირმის, თხებისა და გარეული ღორების.
სინამდვილეში, მკვლევრებმა ნეანდერტალელებისა და ადრეული თანამედროვე ადამიანის ნაშთები ერთად, ერთსა და იმავე დანალექოვან შრეში კი არ აღმოაჩინეს (დროის პერიოდი), არამედ იმის გათვალისწინებით, რომ ეს საზოგადოებები ერთსა და იმავე ცხოველებზე ნადირობდნენ და ერთსა და იმავე ნიჟარებს აგროვებდნენ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ისინი რეგულარულ კონტაქტში იყვნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ შეგვიძლია პირდაპირი კონტაქტის დადასტურება, ტექნოლოგიის, ნადირობის პრაქტიკებისა და ზღვის ნიჟარების ტრანსპორტირების თვალშისაცემი უწყვეტობა შესაბამისობაშია იდეასთან, რომ ეს პოპულაციები დროთა განმავლობაში ურთიერთობდნენ და იზიარებდნენ კულტურულ ტრადიციებს“, — ამბობს თურქეთის გაზიანტეპის უნივერსიტეტის არქეოლოგი ისმაილ ბაიკარა.
ასე შორეული წარსულის კვლევა რთულია, მაგრამ რეგულარულად ტარდება კვლევები, რომლებიც უფრო მეტს გვეუბნება ნეანდერტალელებისა და მათი ცხოვრების შესახებ, ასევე იმაზე, ზუსტად როგორ გადაშენდნენ ისინი.
ბოლო დროის ბევრი კვლევა მიუთითებს, რომ ნეანდერტალელები და ადრეული თანამედროვე ადამიანები იმაზე გაცილებით მეტად ურთიერთობდნენ, ვიდრე ერთ დროს მიიჩნეოდა.
მიუხედავად ამ რეგიონის მნიშვნელობისა ადამიანის გავრცელების ისტორიაში, ლევანტში ნამარხების აღმოჩენა შედარებით იშვიათად ხდება. ახალი ანალიზები ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ცნობებს გვაწვდის ჩვენს უძველეს წინაპართა კრიტიკული მომენტის შესახებ.
ასეთივე სახის „ქცევითი ერთგვაროვნება“ იარაღებისა და ტრადიციების თვალსაზრისით, მკვლევრებს აქამდე ერთხელაც ჰქონდათ შემჩნეული, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გათხრები და კვლევაა საჭირო, რათა უფრო ზუსტად დადგინდეს, სად და როდის ხდებოდა ეს კულტურული გადაკვეთები.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.