თურქეთში ავარიისას დაშავებულ საქართველოს მოქალაქეთაგან შვიდი საავადმყოფოში რჩება
თურქეთში ავარიისას დაშავებულ საქართველოს მოქალაქეთაგან შვიდი საავადმყოფოში რჩება

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალაქ ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძემ განუცხადა.

„დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში თურქული სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაყვანილ იქნენ ხოფისა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში, სადაც მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება“, – აღნიშნა ავთანდილ მიქაცაძემ.

​მისივე თქმით, ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი, პირადი სურვილით, გაწერილია საავადმყოფოებიდან, ხოლო შვიდი მოქალაქე, სამედიცინო დაკვირვების მიზნით რჩება საავადმყოფოებში.

„სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის, იაშარ დაღის განცხადებით, დამატებითი გამოკვლევის მიზნით, ორი მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონალურ სახელმწიფო საავადმყოფოში და საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დღის ბოლომდე მოხდება მათი გაწერა სამედიცინო დაწესებულებებიდან“, – განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალაქ ტრაპიზონში.

მისივე ცნობით, გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.

თურქეთში,  სარფი-ქემალფაშას გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა.  ავარიის შედეგად, საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა.