თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა​. შემთხვევა სარფი-ქემალფაშას გზაზე მოხდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მიქელაძის თქმით, დაშავებულებს პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ და მათმა ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.

„დაახლოებით 10:00 საათზე სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფო საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაყვანილ იქნენ ხოფასა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში, სადაც მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი პირადი სურვილით გაწერილი საავადმყოფოებიდან“, – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს შვიდი მოქალაქე სამედიცინო დაკვირვების მიზნით რჩება საავადმყოფოში.

„სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის, იაშარ დაღის განცხადებით, დამატებითი გამოკვლევის მიზნით ორი მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონალურ სახელმწიფო საავადმყოფოში. საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დღის ბოლომდე მოხდება მათი გაწერა სამედიცინო დაწესებულებებიდან. გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.